ნათია თურნავა - „იბიარდს“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი აქვს საქართველოში, რადგან რეფორმების მიმართულებით ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვართ
ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, „იბიარდი“ საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი აქვს ჩვენს ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეფორმების მიმართულებით.
მისივე თქმით, შესაბამისად, „იბიარდი“ ყოველთვის სწრაფად და ეფექტურად ახორციელებს ინვესტიციებს და გამოყოფს სესხებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ნათია თურნავას განცხადებით, აღსანიშნავია „იბარდის“ მრავალმილიონიანი დახმარება, რომელიც გამოიყო ჩვენი ელექტროგადამცემი ხაზებისა და გზების რეაბილიტაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, მაგრამ ასეთ კონკრეტულ მატერიალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია „იბიარდის“ დახმარება რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.
„ამასთან, „იბიარდი“ გვეხმარება და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკული რეფორმის განვითარებაში. „იბიარდის“ დახმარებით ვამახვილებთ აქცენტს განახლებად ენერგიაზე, განსაკუთრებით ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე, და არა მხოლოდ ტრადიციულ, ჰიდროენერგეტიკაზე. ასევე გვეხმარება ბაზრის ახალი დიზაინის შემუშავებაში – შევქმნათ უფრო კონკურენტული ბაზარი, რომლის გახსნაც პრაქტიკულად წელს დავიწყეთ. გარდა ამისა, გვეხმარებიან სოციალური პოლიტიკის გადაწყობაში იმდაგვარად, რომ მოსახლეობის ტარიფების მართვა უკეთესად შეგვეძლოს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე. ამ მიმართულებით ჩვენ მხოლოდ გავაძლიერებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, „იბიარდის“ მხარდაჭერით მიიღწევა ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, როგორიც არის ქვეყნის ენერგოეფექტურობა.