ნათია თურნავა - გვქონდა მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ რეგულარული ფრენები სულ მცირე ორი მიმართულებით განახლდეს
ნათია თურნავა - გვქონდა მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ რეგულარული ფრენები სულ მცირე ორი მიმართულებით განახლდეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოდან სულ მცირე ორი მიმართულებით ფრენების აღდგენაზე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „აირზენასთან“, ასევე ინფორმაციას ელოდებიან „ვიზეარისგან“.

„პირველი და შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები ტრადიციული მიმართულებით. ამ მიმართულებით გვქონდა მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, რადგან ახლა ისეთი ვითარებაა, ერთმანეთს თუ არ დავუდგებით გვერდით მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია, ალბათ გაჭირდება ფენების სწრაფად აღდგენა და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში, რადგან ეს უნდა იყოს დასრულებული გადაწყვეტილება. ეს დასრულებული გადაწყვეტილება უკვე იქნება თქვენთვის საჯარო და არამარტო თქვენთვის. დაიწყება ბილეთების გაყიდვა ამ მიმართულებებით. მაგრამ გეტყვით, რომ „აირზენას“ შემთხვევაში სულ მცირე ორი მიმართულებაა, „ვიზეარის“ შემთხვევაში ახლა ველოდებით მათგან მიმართულებების​ შორტლისტს, სადაც დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება, ტურისტი შემოიყვანონ საქართველოში და მიმართულებებს გავყვებით ასევე ქვეყნებთან მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან.

„ასევე აქტიურები ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით, საიდანაც ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა, თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. კორონამდეც ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება, საიდანაც ტურისტების დიდი ნაწილი შემოდიოდა. მარტივი არის მათთვის უფრო, რადგან არამარტო საჰაერო, სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ, შემოვიდნენ. უსაფრთხო დერეფნის სტანდარტის დაცვით, პირველ ეტაპზე, ალბათ რეგიონის ქვეყნებს ველოდებით, თუმცა, ასევე არ დავკარგავთ არც ერთ შანსს, რომ უახლოეს პერიოდში შემოვიყვანოთ ევროპელი ტურისტები. ჩვენ რომ ვერ შევძლოთ გასვლა პირველ ეტაპზე, გვინდა, ჩვენთან შემომავალი ევროპელი ტურისტი მაქსიმალურად მოვიზიდოთ. ამისთვის კონკრეტულ გეგმას განვახორციელებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.