ნათია თურნავა - გაზიფიცირების სამუშაოებს ხელი კორონავირუსმაც ვერ შეუშალა
ნათია თურნავა - გაზიფიცირების სამუშაოებს ხელი კორონავირუსმაც ვერ შეუშალა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთში, სოფლებს: შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილეები – ანტონ სამსონიძე და გიორგი გაგუა, აგრეთვე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

ნათია თურნავა სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება პირადად მიულოცა და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

„გაზიფიკაციის სამწლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400-მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100 000-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის იმერეთის რეგიონში.

„კოვიდ-19“-ის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მოსახლეობისა და აბონენტების დიდ ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები დავუსუბსიდირეთ. აქედან გამომდინარე, ეს არის მართლაც ძალიან დიდი, მასშტაბური პროგრამა, რომელსაც „კოვიდმაც“ კი ვერ შეუშალა ხელი. გაზიფიკაციის პროცესი ყველა ვადის დაცვით გრძელდება, როგორც ეს მოსახლეობას დავპირდით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოჯახებში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ახალ სვირში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, ინგა ბასილაძისა და სოფელ შიმშილაქედში მცხოვრებ მელანო ქუტიძის ოჯახებს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.

„ორივე სოფლის მცხოვრებნი კმაყოფილნი არიან, რომ შეუძლიათ, ბუნებრივი აირი მოიხმარონ. სამთავრობო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ასეთი მასშტაბური ინვესტიციებისა, ბუნებრივ აირზე ტარიფი დარჩეს უცვლელი და სტაბილური,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რომ 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში იმერეთის რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ხარაგაულში, ვანში, საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 26 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 374,408 გრძივი მეტრი გაზსადენი, ხოლო 4819 აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს ორი მუნიციპალიტეტის (ჭიათურა და ვანი) ხუთ სოფელში, რომლის დასრულების შემდეგაც დამატებით 792 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. სამწლიანი გეგმით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება.

დატოვე კომენტარი