ნათია თურნავა - გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების გაზრდილი ნდობისა და წარმატებული ეკონომიკური რეფორმების აღიარებაა
ნათია თურნავა - გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების გაზრდილი ნდობისა და წარმატებული ეკონომიკური რეფორმების აღიარებაა

წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაატარა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „სტანდარტ ენდ ფუარსის“ (Standard & Poors) მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ასევე იმის აღიარება, რომ რეგიონის მასშტაბით საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად და სტაბილურად ვითარდება.

„თუ რეგიონში ამ რეიტინგების დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ისეთი მკაფიო გაუმჯობესება, როგორიც საქართველომ მიიღო, რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აღიარება და რეიტინგებში გაუმჯობესება არა მხოლოდ აღნიშნული სააგენტოს მხრიდან, არამედ კიდევ ორი წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს – „მუდისის“ (Moody’s) და „ფიტჩის“ (Fitch) მხრიდანაც მოხდა, რომელთაც ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საქართველოს რეიტინგი.

„Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი კი ამ პროცესის დაგვირგვინებაა. პრაქტიკულად რომ ვთქვათ, რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის – ეს არის ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარება. როგორც ჩვენი შიდა ადგილობრივი ინვესტორები, ისევე საერთაშორისო ინვესტორები არიან დადებითად განწყობილი და რეიტინგის შემხედვარე კიდევ უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.