ნათია თურნავა - გარკვეული პირები „ნამახვანჰესის“ პროექტს გარემოსდაცვითი ლოზუნგებით ებრძვიან, მაგრამ გამოდის, რომ ელექტროენერგიის იმპორტს ლობირებენ
ნათია თურნავა - გარკვეული პირები „ნამახვანჰესის“ პროექტს გარემოსდაცვითი ლოზუნგებით ებრძვიან, მაგრამ გამოდის, რომ ელექტროენერგიის იმპორტს ლობირებენ

„ნამახვანჰესს“ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი წვლილი შეაქვს, ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი საკუთარი რესურსის გამოყენებით ვაწარმოოთ საკუთარი ელექტროენერგია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ენერგორესურსების მიმართულებით რაც მეტად დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო ძლიერად იტყვის საკუთარ სიტყვას რეგიონში.

მინისტრის თქმით, „ნამახვანი“ ჰესი არის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

„ნამახვანი“ ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პროექტი.  იქიდან გამომდინარე, რომ თავისი დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საკუთარი რესურსის – წყლის გამოყენებით ვიყოთ მეტად დამოუკიდებელი და ვაწარმოოთ საკუთარი ელექტროენერგია. ნაკლები დამოკიდებულება ჩვენი სამეზობლოდან ელექტროენერგიის იმპორტზე. ბოლო დროს მსოფლიოში ენერგომატარებლები იქცა პოლიტიკური ზეწოლის იარაღად. რამდენადაც მეტად ვიქნებით საკუთარ რესურსზე დაყრდნობილი, იმდენად უფრო ძლიერად ვიტყვით ჩვენს სიტყვას, მათ შორის რეგიონშიც. იმპორტი იქნება მხოლოდ იმ დროს, როდესაც ეს ჩვენ გვჭირდება და არის სარფიანი. ეს არის არა მარტო ჩვენი მწვანე ენერგია, არამედ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები და ჩვენთან შემოსული დიდძალი ინვესტიცია. „ნამახვანი“ ჰესი არის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას მინისტრი გამოეხმაურა პროექტის  გარშემო გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას. მისი თქმით, ტყუილია, რომ ინვესტორებს მთელი ხეობა გადაეცათ.

„რაც შეეხება სხვადასხვა არასწორ და ცრუ ინფორმაციას, რაც ამ ბოლო დროს ვრცელდება პროექტის ირგვლივ. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი არის, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოელ ინვესტორს და უცხოურ ინვესტიციას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი საუკეთესო საინვესტიციო გარემოთი სწორედ იმის გამო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ტოლერანტულები ვართ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ინვესტორის მიმართ. ამ ტრადიციას კი არასოდეს დავარღვევთ, რაოდენ ცალკეული გამოვლინებებიც არ უნდა იყოს ამ საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება თვითონ მიწის გადაცემის პირობებს, ინვესტორს გადაეცა მხოლოდ და მხოლოდ ის მიწა, სადაც იქნება განთავსებული თვითონ ჰიდრონაგებობები, ეს არის საკმაოდ გრძელი გვირაბი, ეს არის დიდი ტევადობის წყალსაცავი, შენობა, სადაც აგრეგატები განთავსდება, სადერივაციო გვირაბი. ამას დიდი მიწა სჭირდება, მაგრამ არა მთლიანად ხეობა. გარდა ამისა, მათ ეს გადაეცათ არა უფასოდ, როგორც ვიღაცები ამბობენ, არამედ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. მათ უკვე 30 მილიონ ლარამდე გადაიხადეს კომპენსაციების სახით და აუნაზღაურეს ეს კომპენსაციები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას, 280-მდე ოჯახს. ზოგმა კომპენსაცია მიიღო თავისი საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, ზოგმა კი მიიღო კომპენსაცია იმის გამო, რომ უბრალოდ ამუშავებდა მიწას, რომელიც მათ არც კი ეკუთვნოდათ. რომ არა ინვესტორი და „ნამახვანი“, მათ ამის პერსპექტივა საერთოდ არ ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, პროექტის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „ნამახვანჰესზე“ ცრუ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ პოლიტიკური ან მერკანტილური მიზნით. ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, ზოგიერთ ადამიანს ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მართლაც გულწრფელად სჯერა, რომ პროექტი ზიანის მომტანი იქნება. მისი თქმით, სამინისტრო გააგრძელებს ასეთ ადამიანებთან მუშაობას.

„პროექტს ეწინააღმდეგება სხვადასხვა ადამიანი, მათ შორის ჩვენი ტრადიციული ოპონენტები, ვინც ეწინააღმდეგება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გარემოსდაცვითი ლოზუნგების ეგიდით, მაგრამ რეალურად გამოდის, რომ იმპორტს ლობირებენ, ვინაიდან ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს – ან ჩვენი საკუთარი ჰიდროენერგია, ან გარედან შემოტანილი იმპორტი. ამიტომ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს, საიდან შემოგვდის ელექტროენერგია. საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ენერგეტიკულად და თავისი ძლიერი სიტყვა თქვას მთლიანად რეგიონში, იყოს ექსპორტიორი და არა იმპორტიორი. არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვინც პოლიტიკური ან მერკანტილური მოტივაციით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ინფორმაციის ნაკლებობის გამო  გულწრფელად ეწინააღმდეგება პროექტს და ფიქრობენ, რომ ეს არ არის სასიკეთო. ამ ადამიანებთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მართლაც უამრავი კვლევა გაკეთდა, სეისმოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტია, გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც უსაფრთხოა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს.

დატოვე კომენტარი