ნათია თურნავა - „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ენერგომოხმარების 10 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს
ნათია თურნავა - „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ენერგომოხმარების 10 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათი თურნავამ განაცხადა გარდაბანში, თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აღნიშნული სადგური ორჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები.

„დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი, მასშტაბური ობიექტი, ეს არის „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის 230 მგვტ-იანი თბოსადგური. ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური, რომელიც არის თითქმის ორჯერ უფრო ეფექტიანი, ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. ეს თბოსადგური არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენი მომხმარებლების, მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტი ენერგომომარაგებით. ენერგეტიკული რეფორმა, ენერგეტიკის სფერო არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმისა და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის და განვითარების აუცილებლობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, 2019 წელს აღნიშნული რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყო.

„ჩვენ შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა, დავიწყეთ ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი გახსნა და შევქმენით კონკურენტული, ღია ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავრი მიმართულება არის, ხელი შევუწყოთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. სწორედ ასეთი, ახალი გენერაციის ობიექტი გახლავთ ეს თბოსადგური, რომელიც ჩვენ დღეს გავხსენით და შეგვყავს ექსპლუატაციაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, განახლებადი ენერგიის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან რამდენიმე მასშტაბური პროექტი იწყება ან შედის ექსპლუატაციაში.

„მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ახალი თბოსადგურების მშენებლობის მნიშვნელობა, რადგან ეს არის საბაზისო ენერგიის წყარო, ეს არის სადგური, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოხმარების 10 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში, ეს არის ჩვენი ე.წ. რეზერვი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შედის მწყობრში და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ერთ თბოსადგურს შეუძლია, თვეში თბილისის საშუალო მოხმარების 70 პროცენტის დაფარვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან პროექტის განხორციელებისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციას მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ჩვენს სახელმწიფო კომპანიას, ვისი დაფინანსებითაც და მენეჯმენტითაც განხორციელდა ეს პროექტი. ძალიან დიდი მადლობა თვითონ ახალი თბოსადგურის გუნდს, ყველა რიგით მუშას, ინჟინერს, მენეჯმენტს, ვინც ამაში იყო ჩართული და მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ჩინელ კონტრაქტორებს, „ჩაინა თიაჩენ ინჯერინგ კორპორეიშენს“, ვინც ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ჩაგვაბარა ეს ობიექტი“, – განაცხადა ცერემონიაზე ეკონომიკის მინისტრმა.

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.