გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ნავთობისა და გზაზის კორპორაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.

თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

კორპორაციის განმარტებით, ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასა და ნულიდან აღდგენას გულისხმობს. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.