ნათია თურნავა - გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის საუკეთესო პასუხი ყველას მიმართ, ვინც ხელისუფლებას თითქოსდა, უმოქმედობაში ადანაშაულებდა
ნათია თურნავა - გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის საუკეთესო პასუხი ყველას მიმართ, ვინც ხელისუფლებას თითქოსდა, უმოქმედობაში ადანაშაულებდა

ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანს, ვინც თითქოსდა, უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრი გორის პოლიციაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პირადად შეხვდა.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანს, ვინც თითქოსდა, უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. შედეგი სახეზეა, შედეგი დადგა, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს შეხვდება ოჯახთან ერთად. ყველას გილოცავთ“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს.

„მე ვესაუბრე, ბატონი ვაჟა გახლავთ ექიმი, ყველაზე ჰუმანური, მაგრამ ყველაზე ვაჟკაცური და ძლიერი პროფესიის წარმომადგენელი, თავს გრძნობს ნორმალურად, როგორ შეესაბამება მის მდგომარეობას, რაც მთავარია, ძალიან მალე საკუთარ ოჯახთან ერთად იქნება.

პროცესი, რა თქმა უნდა, იყო რთული, როდესაც საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, ეს უდიდესი სირთულეებს შეიცავს, მაგრამ ეს სირთულეები წარმატებით იქნა გადალახული. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყველა გვერდში დაგვიდგა, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშავა ხელისუფლებამ და დადგა ეს დადებითი შედეგი“, – განაცხადა თურნავამ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა.