ნათია თურნავა - ფრენის სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რამდენის უსაფრთხოდ მომსახურებასაც შევძლებთ
ნათია თურნავა - ფრენის სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რამდენის უსაფრთხოდ მომსახურებასაც შევძლებთ

ავიაკომპანია „ეარ ფრანსთან“ და „ეარ ბალტიკთან“ მოლაპარაკებებს მალე დავასრულებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ავიაკომპანია „ლუფთჰანზასთან“ მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ფრენები 2 აგვისტოდან იწყება.

„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკება „ლუფთჰანზასთან“. ყველამ იცის, რომ 2 აგვისტოდან დაიწყება რეგულარული ფრენები, თუმცა უკვე ამთავითვე თავისუფალია პრაქტიკულად ეს „მწვანე კორიდორი“ და შეუძლიათ, მანამდეც დაიწყონ ფრენები. სადაცაა დავასრულებთ „ეარ ფრანსთან“ და „ეარ ბალტიკთან“ მოლაპარაკებებს და ესეც თავის დროზე გახდება ცნობილი. ფრენის სიხშირეები არის თემა, რაზეც გვინდა, ბოლო წერტილი დავსვათ მოლაპარაკებებში. სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რამდენსაც შევძლებთ, რომ უსაფრთხოდ მოვემსახუროთ და ამას ძალიან გაგებით ეკიდებიან აღნიშნული კომპანიები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, სრულდება ე.წ. სოციალური და კომერციული ჩარტერული რეისები.

„ასევე ვასრულებთ ე.წ. სოციალურ ჩარტერებს, ასევე ვაგრძელებთ კომერციული ჩარტერების შესრულებას როგორც აქამდე იყო, საკმაოდ მრავლად იქნება აგვისტოშიც. ეს არის იმედისმომცემი. ბევრი ტუროპერატორი და სასტუმრო გადაეწყო ამ ახალ რეალობაზე. გაცილებით უფრო მეტად უჭირთ თბილისის სასტუმროებს, თორემ რეგიონებში ასე თუ ისე, შიდა ტურიზმი არის. რა თქმა უნდა, არა იმ დოზით, რაც იქნებოდა „კოვიდის“ გარეშე, თორემ თუნდაც 40-50 პროცენტით უზრუნველყოფენ დატვირთვას ჩემი ვარაუდით. შევხედოთ, ყველანი ერთად დავინახავთ, კიდევ რისი შესაძლებლობა იქნება. ჩვენი ამოცანა არის, რომ შეძლებისდაგვარად დავაბალანსოთ ორი რამ – მაქსიმალურად გავხსნათ შეძლებისდაგვარად ტურიზმი, მაგრამ ამავდროულად შევინარჩუნოთ კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მან ევროპის ქვეყნების მაგალითს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ერთმანეთთან თვეზე მეტია, გახსნეს საზღვრები, შემდეგ გარკვეული უკუნაბიჯებიც გადადგეს.

„შეიძლება, გახსნას მოჰყვეს სწრაფი ეფექტი, მაგრამ მერე ასეთივე სწრაფი ნეგატიური შედეგიც და პრობლემებიც. ამიტომაც ვაკვირდებით, რომ სხვისი შეცდომები არ გავიმეოროთ და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი