ნათია თურნავა - ფონდ „ქართუს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე
ნათია თურნავა - ფონდ „ქართუს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე

ფონდ „ქართუს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე, ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას სჭირდება დახმარება და კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ.

მინისტრის ინფორმაციით, თავის დროზე, როდესაც ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, ფონდმა „ქართუმ“ საკმაოდ სერიოზული, სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რომელსაც ახლა სამინისტრო იყენებს.

„შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამ მოდელმა გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან და ამან შეაფერხა გარკვეულწილად პროექტის განვითარება. ჩვენ ახლა ვახდენთ მოდელის განახლებას. მოდელი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ კერძო ბიზნესთან ჩვენ არ შევდიოდეთ კონკურენციაში. უახლოეს პერიოდში, მოგახსენებთ, როგორ და რა გზით განვითარდება ეს პროექტი. პროექტი არის თავისთავად ძალიან საჭირო, ჩვენ ვფიქრობთ, ძალიან სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს, როდესაც იქნება ბიუჯეტი და მოდელი, შემდეგ ვისაუბრებთ დაფინანსების წყაროებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.