ნათია თურნავა - ევროპაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დროულად მიეწოდებათ ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ
ნათია თურნავა - ევროპაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დროულად მიეწოდებათ ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ

ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც ახლა ევროპაში იმყოფება, დროულად მიეწოდება ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს და კორონავირუსთან გამკლავების სტრატეგია სწორედ ეფექტურ პრევენციაზეა დამოკიდებული, რაც საქართველოს მთავრობას კარგად გამოსდის.

მისივე განცხადებით, პრევენციის ძალიან დიდი  ნაწილია, ორგანიზებულად მოხერხდეს ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან და მათ აქ შესაბამისი პირობები დახვდეთ – იქნება ეს კარანტი, თვითიზოლაცია, სხვა სახის ადეკვატური პირობები, რაზეც ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაცია იქნება.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და პრაქტიკულად, შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა,ზოგიერთი წყდება უახლოეს 1-2 დღეში. ფრენების განხორციელება მოხდება მხოლოდ ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ მეშვეობით.  წინასწარ განვსაზღვრეთ ის ჰაბები და ევროპული ქალაქები, საიდანაც ჩვენთან შეთანხმებული გრაფიკით მოხდება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინფორმაციას ამის შესახებ სრულად ფლობენ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საქართველოს საელჩოები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში არის ჩვენს მოქალაქეებთან.

„შესაბამისად, მინდა დავამშვიდო ევროპაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები, რომ მათ დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და საქართველოში მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება. პირველ ეტაპზე განვსაზღვრეთ რამდენიმე ქალაქი, რომელთაც შესაძლოა, შემდგომში სხვა ქალაქებიც დაემატოს. ამ ეტაპზე ეს არის – ბერლინი, ამსტერდამი და პარიზი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დავამატებთ სხვა მიმართულებებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.