ნათია თურნავა – ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდობას არსებული მოთხოვნის შესაბამისად მართავს

18:38, 11.11.2026

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდობას საბანკო სექტორიდან და ეკონომიკიდან მომდინარე მოთხოვნის შესაბამისად მართავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემას საკმარისი ლარის ლიკვიდობა გააჩნდეს. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ფინანსურ სისტემას დამატებით ლიკვიდობას აწვდის, ხოლო ჭარბი ლიკვიდობის პირობებში ბაზრიდან მას იღებს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისთვის ეროვნული ვალუტის მიწოდება. ამ პროცესში გადამწყვეტია არსებული მოთხოვნა და ფინანსური სისტემის საჭიროებები.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის ბოლო თვეებში, ლარის ლიკვიდობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რის გამოც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხების სახით იმავე მოცულობის რესურსის მიღება აღარ სჭირდებათ. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ბაზრიდან ამოღებას, ე.წ. სტერილიზაციას ახორციელებს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ლარის ლიკვიდობის სათანადო მიწოდება მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის, მზარდი ვაჭრობის, მომსახურებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. მისი განმარტებით, ლარის რესურსის არასაკმარისი მიწოდება ეკონომიკაში დეფიციტს შექმნიდა და ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებდა.

მსგავსი