ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი არის სრულიად დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი, რაც მისი ფუნდამენტური პრინციპია
ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი არის სრულიად დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი, რაც მისი ფუნდამენტური პრინციპია

მთავრობის ეკონომიკის გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის ბოლო წლებში კომუნიკაციის ხარისხი ყოველთვის საკმაოდ მაღალი და ეფექტური იყო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომუნიკაციის ეფექტიანობა და საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა იმ გლობალური გამოწვევების პერიოდში, რის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიოა.

„შესაძლოა, რიგ საკითხებზე იყო და შეიძლება, მომავალშიც იყოს აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსია, კამათი, მაგრამ პრინციპულ საკითხებში, მათ შორის როგორიცაა ანტიინფლაციური პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, გადაწყვეტილება მიიღებოდა კოორდინირებულად. თუმცა აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და კონსტიტუციით არის გარანტირებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი ყოველთვის იჩენს პრინციპულობას და ამ თვალსაზრისით დიდ პატივს სცემს ამ პრინციპს.

„ჩემთვის უპირატესია დამოუკიდებლობის ეს პრინციპი და ასეც იქნება. გვახსოვს წინა პერიოდები, 2012 წლამდე, როდესაც ეროვნული ბანკი იქცეოდა პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. ეს პერიოდი დასრულდა და არასდროს განმეორდება. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი თავის პოლიტიკაშიც და სრულიად დეპოლიტიზებული, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური კონიექტურისგან და მე ამას დიდ პატივს ვცემ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.