ნათია თურნავა - „ენგურჰესის“ მსგავსი ჰიდროსადგურები იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით
ნათია თურნავა - „ენგურჰესის“ მსგავსი ჰიდროსადგურები იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით

ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ენგურჰესზე“ ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრის განცხადებით, რა თქმა უნდა, განვითარდება მცირე ენერგეტიკაც – ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ „ენგურჰესის“ მსგავსი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები მთლიანობაში იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით.

„ენგურჰესი“ თითქმის ნახევარი საუკუნეა, არსებობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვეს. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგური, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. „ენგურჰესის“ გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი დადგებოდა კითხვის ქვეშ. ეს არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. ჩვენ ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ. რა თქმა უნდა, მცირე ენერგეტიკაც, ქარის, მზე, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ ენგურის მსგავსი მსხვილი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები. მათ შორის, „ნამახვანი ჰესი“, „ხუდონჰესი“, „ნენსკრაჰესი“. ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი