ნათია თურნავა - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები საჭიროა, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა გამჭვირვალედ ვმართოთ
ნათია თურნავა - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები საჭიროა, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა გამჭვირვალედ ვმართოთ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განკარგვა დავინახოთ და ეს საკითხი უფრო გამჭირვალე იყოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბიზნესინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის სწორი ბალანსი მოიძებნება.

„ეს კანონპროექტი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განკარგვა დავინახოთ და ეს საკითხი  უფრო გამჭვირვალე იყოს, რომ შევძლოთ მართვა ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის. ეს არის მიღებული პრაქტიკა. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ დიალოგი იმართება, გუშინაც იყო ძალიან საგნობრივი შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ სწორი ბალანსი გამოიძებნოს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეძლოს და თავისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მართოს გამჭვირვალედ“, – განაცხადა მინისტრმა.

ენერგოკომპანიებს 5 პროცენტზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) თანხმობა დასჭირდეთ. შესაბამისი ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის.