ნათია თურნავა - ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გასვლა და იქიდან დენის შემოტანა
ნათია თურნავა - ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გასვლა და იქიდან დენის შემოტანა

ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გასვლა და იქიდან დენის შემოტანა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა „ნამახვანი ჰესთან“ დაკავსირებით მოსახლეობის კითხვებს უპასუხა, მათ შორის რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა სახელმწიფო.

„წარმოადგენს თუ არა უცხოელი ინვესტორი, „ნამახვანის“ შემთხვევაში თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ საკუთარი რესურსებით, საკუთარი ფინანსებით, უცხოური ინვესტიციების გარეშე, ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. მგონი, ამის მტკიცება თანამედროვე საქართველოში საჭირო არც არის. ჩვენი ეკონომიკა რომ განვითარდეს, ევროკავშირის ქვეყანა გავხდეთ და ევროპული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, ეს მარტო ჩვენი რესურსით შეუძლებელია. ამიტომაც გვეამაყება, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველო სახელდება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყნად უცხოელი ინვესტორების მიმართ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოელ ინვესტორებს მოაქვთ ის სიკეთე, რომ ფულს დებენ საქართველოში, აქ აფუძნებენ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იხდიან გადასახადებს და აქვე ასაქმებენ ადამიანებს.

„ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ფული, ჩვენი ვალუტა და იქიდან შემოვიტანოთ არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, არამედ – დენი, თანაც იმ პირობით, რასაც გვიკარნახებენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობის წარმომადგენლები ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

დატოვე კომენტარი