ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა
ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს ძალიან  მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, უწყებამ დააჩქარა  პრივატიზაცია,  ლიცენზიის გაცემა, წიაღის დამუშავება, ასევე 2019 წელს პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ პრაქტიკულად სამჯერ მეტ პროექტს დაუჭირა მხარი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „აწარმოე საქართველოში“ ქართული ბიზნესის დახმარების კუთხით ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ის უკვე იქცა ძალიან პოპულარულ და მძლავრ ბერკეტად, რითაც სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო  ქართულ ბიზნესს, მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება“ – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2020 წელს იქნება ფოკუსირებული. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის ტურისტული სერვისების, მეთევზეობის და კიდევ სხვა რამდენიმე დარგის განვითარებაა.

„ახალი მიმართულებები გამოიკვეთა, ეს არის ტურისტული სერვისები – არა მხოლოდ სასტუმროები, არამედ სხვადასხვა ტურისტული სერვისი. მათ შორისაა ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება-განვითარება; მეთევზეობის დარგის განვითარება, რომელიც დღეს საკმაოდ სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია და გვერდში დავუდგებით; ეს არის ჩვენი, ადგილობრივი წიაღისეულის, მათ შორის საშენი მასალების მეტი გადამუშავება, ქართული კერამიკისა და კერამიკული ნაწარმის წარმოება, რომელიც იმედი მაქვს, დიდწილად გამოდევნის ბაზრიდან იმპორტირებულ ანალოგებს და კონკურენტუნარიანი გახდება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.