ნათია თურნავა - დიდი ყურადღებით შევისწავლით სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებს და მათ ჩვენ სამოქმედო გეგმაში ავსახავთ
ნათია თურნავა - დიდი ყურადღებით შევისწავლით სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებს და მათ ჩვენ სამოქმედო გეგმაში ავსახავთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილული იყო მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, ასევე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნესსექტორი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დადგა.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ანტიკრიზისული სტიმულირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. მათ შორისაა, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დარგია.

„ეს არის ჩვენი სიმდიდრე და სიამაყე, მაგრამ დღეს ამ დარგს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ დიდი ყურადღებით შევისწავლით დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ ჩვენს სამოქმედო გეგმაში ავსახავთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.