ნათია თურნავა - დღევანდელი გადაწყვეტილებისას სამართლიანობის პრინციპი მაქსიმალურად დავიცავით
ნათია თურნავა - დღევანდელი გადაწყვეტილებისას სამართლიანობის პრინციპი მაქსიმალურად დავიცავით

ჩვენი გადაწყვეტილება მაქსიმალურად, სოციალურად დაბალანსებულია, რადგან ბაზრობების გარდა, სულ მცირე 20 ათასი რეგისტრირებული იურიდიული პირი და ინდმეწარმეა, ვინც არასასურსათო ვაჭრობაშია ჩართული, შესაბამისად, ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ყველა კატეგორიის დასაქმებულისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება და მაქსიმალური სამართლიანობის პრინციპი იქნა დაცული, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებთან ერთად მსჯელობისას, გამოიკვეთა ვაჭრობის ის სეგმენტები, სადაც სამწუხაროდ, მიუხედავად ყველა აკრძალვისა, ბაზრობების სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო რთული იქნება ამ შეზღუდვების დაცვა.

ნათია თურნავას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზრობები დიდი სივრცეებია და ბევრი იურიდიული პირია წარმოდგენილი, თავად ბაზრობის ადმინისტრაციასაც კი, გაუჭირდება სხვადასხვა მეწარმის და ცალკეული ობიექტის ერთიანად მართვა და ამ პასუხისმგებლობის აღება, განსხვავებით სხვა ორგანიზებული ტიპის სავაჭრო ობიექტისა.

„აქედან გამომდინარე, მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს, მძიმეა, მათ შორის ბაზრობებისთვის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების დაწესებისა და ლიბერალიზაციის გეგმის პარალელურად, მეოთხე ტალღა დახმარების სოციალური პაკეტის დავაანონსეთ და უკვე მიდის იმპლემენტაცია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც დროებით დაკარგავს სამუშაოს ლეგალურ სექტორში, გათვალისწინებულია 1200-ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს რაც შეეხება, მათ შორის ბაზრობების დიდი კონტინგენტია, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება. რამდენადაც ვიცით, უკვე 90 ათასმა ადამიანმა მიმართა კიდეც ამ დახმარებას, ეს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც ყველას ერთად მოგვცემს საშუალებას, დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა, ავირიდოთ თავიდან დიდი მობილობა ადამიანების, რაც ყოველთვის ხდება ბაზრობაზე,  სადაც ამის კონტროლი რთულია და ამ ადამიანებს, ვინც  იქ დასაქმებულია, გადავატანინოთ ეს რამდენიმეკვირიანი პერიოდი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით.