ნათია თურნავა - დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება
ნათია თურნავა - დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება

ჩვენი მოთხოვნით, „ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან. ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შედგება შეხვედრა, რომელზეც მოწვეულია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, ვინც საჯაროდ გამოხატა ინტერესი ან გამოთქვა გარკვეული წუხილი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება და რომელიც დააორგანიზებს პროცესს, რომ მოხდეს კვლევების დამუშავება, სხვადასხვა დაინტერესებული პირისგან რეკომენდაციებისა და კომენტარების მიღება. საბოლოო ამოცანაა, მივიღოთ უკეთესი პროექტი, გავზარდოთ მის მიმართ ნდობის ხარისხი მოსახლეობაში, სამეცნიერო წრეებში, ექსპერტებს შორის და არასამთავრობო სექტორს შორის. დარწმუნებული ვარ, გაცილებით ფართო წრეა იმ ექსპერტების, ვინც ინტერესს გამოხატავს პროექტის მიმართ და მინდა ვთქვა, რომ პროცესი ღიაა ყველასთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანდებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები.

დატოვე კომენტარი