ნათია თურნავა - დღეს მსოფლიოს არაერთ ცნობილ სპორტსმენს აცვია საქართველოში შეკერილი ფორმა, წარწერით Made In Georgia, ამით ძალიან ვამაყობთ
ნათია თურნავა - დღეს მსოფლიოს არაერთ ცნობილ სპორტსმენს აცვია საქართველოში შეკერილი ფორმა, წარწერით Made In Georgia, ამით ძალიან ვამაყობთ

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, ყოველთვის ეხმარება და დაეხმარება ქართული წარმოების განვითარებას, ახალი ინვესტიციების ჩადებას ქართული ნაწარმის ექსპორტში და ქართული წარმოების შემდგომ აღორძინებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავში განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეს რუსთავში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა.

„დღესდღეობით, როდესაც მსოფლიო ებრძვის კოვიდს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ახალი ინვესტიცია, მაგრამ ეს ინვესტიცია არის განსაკუთრებული იმით, რომ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფი, რომელიც დღემდეც ასაქმებს 4000-მდე ადამიანს, აქ ქმნის ძალიან მსხვილ საწარმოს, სადაც 3000 თანამემამულე დასაქმდება. ოთხ თვეში უნდა დასრულდეს მშენებლობა. მთლიანობაში „აჭარა ტექსტილის ჯგუფი“ არის თურქული ინვესტიცია, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და მათი ინვესტიციების ოდენობა საქართველოში, თუ ჩავთვლით იმ სამ საწარმოსაც, რომელიც მუშაობს ამ ჯგუფის შიგნით, არის 350 მლნ ლარი. ამ ნიშნულს მიაღწევს მთლიანობაში ამ ჯგუფის ინვესტიციები საქართველოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საექსპორტო წარმოება და საქართველოში შეკერილი ფორმა, მათ შორის სპორტული ფორმა, დღეს აცვია არაერთ ცნობილ ფეხბურთელს, ცნობილ სპორტსმენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მას აწერია made in georgia, ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. ამიტომაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, ყოველთვის ეხმარება და დაეხმარება ქართული წარმოების განვითარებას, ახალი ინვესტიციების ჩადებას ქართული ნაწარმის ექსპორტში და ქართული წარმოების შემდგომ აღორძინებაში“, – განაცხადა თურნავამ.