ნათია თურნავა - დღეიდან „ენგურჰესი“ მწყობრშია და ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს
ნათია თურნავა - დღეიდან „ენგურჰესი“ მწყობრშია და ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს

დღეიდან „ენგურჰესი“ საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელშია ჩართული. სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 15 წელია, არ ჩატარებულა. შედეგად, ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20-30-პროცენტიანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

„ენგურჰესი“ არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ენგურჰესის“ თანამშრომლებს.

„ძალიან დიდი მადლობა „ენგურჰესის“ თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ მუშას, ვინც მუშაობდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე. ამ სამუშაოებს ქართული კომპანია ასრულებდა, თუმცა ამ პროცესში უცხოელი ინჟინრები და სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. დიდი მადლობა ყველას, რომ ასე ოსტატურად და ვადაზე ადრე განახორციელეს ამ ურთულესი სამუშაოს დასრულება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სადერივაციო გვირაბში ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად, გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება.

„სადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, შვიდი მილიონი ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონი კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი, უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის კი რვა მილიონი ევრო გამოიყო.

სადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენერგონმა“ შეასრულა. პროცესში ჩართული იყვნენ გერმანელი სპეციალისტები.