ნათია თურნავა - დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი, ამას არ დავუშვებთ, პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება
დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი, ამას არ დავუშვებთ, პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრს ჟურნალისტებმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები.
„ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები, შსს ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოება ამას ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიაში, ვინც მონაწილეობდა არამართლზომიერ ქმედებაში, დაისაჯოს სათანადოდ. ეს არის ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა.
მე ვიცი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, ბევრს ალბათ ძალიან სურს, რომ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება, მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი, იყოს არეულობა, იყოს დესტრუქცია და ამას არ დავუშვებთ, პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება.
ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, ჩვენ დავგმეთ ძალადობა მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
შეიძლება, დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას, რადგან პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება, ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ, როგორც იქნა, სული მოითქვა და ახლა აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, ეს პოზიტიური ტენდენციები უნდა განვითარდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას უხერხულობის განცდა, თურნავამ შეკითხვის ავტორებს მიმართა: „თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?“.