ნათია თურნავა - დარწმუნებული ვართ, ის კონტინგენტი, ვინც პანდემიამდე შაბათ-კვირას დადიოდა სავაჭრო ქსელებში, ბაზრობებზე, ახლა სხვა დღეებზე გადანაწილდება, ეს შეზღუდვა ვაჭრობას არ შეაფერხებს
ნათია თურნავა - დარწმუნებული ვართ, ის კონტინგენტი, ვინც პანდემიამდე შაბათ-კვირას დადიოდა სავაჭრო ქსელებში, ბაზრობებზე, ახლა სხვა დღეებზე გადანაწილდება, ეს შეზღუდვა ვაჭრობას არ შეაფერხებს

გვესმის, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვა არის მტკივნეული საკითხი, მაგრამ ეს არის ის კომპრომისი, რისი დაშვებაც ჩვენ შეგვიძლია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

თუმცა, თურნავას თქმით, დარწმუნებულია, სხვა დღეებზე გადანაწილდება იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე შაბათ-კვირას დადიოდნენ სავაჭრო ქსელებში, ბაზრობებსა, თუ მაღაზიებში და ამ შეზღუდვით ვაჭრობა არ შეფერხდება.

„სწორედ იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილება მივიღოთ. კარგად გვესმის, რომ ბაზრობების წარმომადგენლებზე, ხელმძღვანელებზე, მეპატრონეებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ისინი ჩვენთანაც გარკვეულწილად აგებენ პასუხს იმაზე, რომ მოხდეს მათი თანამშრომლების წინასწარი ტესტირება, უსაფრთხოების წესები იყოს დაცული, მაგრამ უფრო მეტად პასუხს აგებენ საკუთარი თანამშრომლების და იმ მცირე მოვაჭრეების წინაშე, ვინც მათ ელოდება. ასე რომ, ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში, ძალიან კარგად გვესმის ეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მოხდება ურთიერთშეთანხმებით. გვესმის, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვა არის მტკივნეული საკითხი, მაგრამ ეს არის ის კომპრომისი, რისი დაშვებაც ჩვენ შეგვიძლია. დარწმუნებული ვართ, რომ ის კონტინგენტი, ვინც პანდემიამდე შაბათ-კვირას დადიოდა სავაჭრო ქსელებში, ბაზრობებზე, მაღაზიებში, ახლა გადანაწილდება სხვა დღეებში, რადგან უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ იქნება. ეს არ შეაფერხებს ვაჭრობას, რამხელა პერიოდია გასული და ადამიანებს, მყიდველებს გარკვეული საჭიროებები დაუგროვდათ. აქედან გამომდინარე, ისინი აქტიურად ივაჭრებენ თებერვალში“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ არ იქნება სავაჭრო ობიექტების ფორმალური გახსნა.

„მაგალითად, შეგახსენებთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში გავხსენით მაღაზიები, არა მარტო შოპინგ-მოლები, არამედ ქსელური, მცირე მაღაზიები, არასასურსათო. თვითონ სავაჭრო ინდუსტრიის დაანგარიშებით, ამ პერიოდში  მთლიანობაში მოლებმა გაატარეს ერთი მილიონი მომხმარებელი, ხოლო სხვა დანარჩენ ქსელებთან ერთად, ორი მილიონი მომხმარებელი გატარდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვისაც აქვს საჭიროება, მივა და ეს მოხდება სწორად, ეპიდემიოლოგიურად გათვლილად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, ფიტნესდარბაზებისთვის ჯერ გახსნის თარიღი არ არის დასახელებული.

„უფრო პირველი მარტის შემდეგ მოხდება, ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ მათ ბანკის სესხების პროცენტის სუბსიდირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება და დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განხილულა.