ნათია თურნავა - დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ მიკრო ენერგოპროექტების განხორციელებაზეა საუბარი
ნათია თურნავა - დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ მიკრო ენერგოპროექტების განხორციელებაზეა საუბარი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განმარტავს, რომ დაცულ ლანდშაფტში მხოლოდ მიკრო ენერგეტიკული პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი, რომელიც მოსახლეობისთვის და ტურისტული ობიექტებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

საუბარია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო.

„როგორც ვიცი, შეჯერდა ერთიანი პოზიცია, რომლის მიხედვითაც გარკვეული დოზით ობიექტები იქნება დაშვებული დაცულ ტერიტორიებზე. აქ საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის მსხვილ ჰიდროსადგურებზე ან მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე. საუბარია ელემენტარული პირობების შექმნაზე იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ან ტურისტებისთვის.

უნდა გავანათოთ ტურისტული ობიექტები და გავათბოთ. ამისთვის მთელ მსოფლიოში გამოიყენება მიკრო ჰესები, მზის პანელები, მიკრო ქარის სადგურები და მხოლოდ და მხოლოდ ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ ხელი შევუწყოთ დაცული ტერიტორიების განვითარებას. ეს სრულიად უმტკივნეულოა, ლანდშაფტთან შესაბამისობაში იქნება და განსაკუთრებულ ექსპერტიზას გაივლის“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მადლობას უხდის პარლამენტის წევრებს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ.