ნათია თურნავა - ცხრა დასახელების სასურსათო საქონელზე ფასი არ გაიზრდება, ამ პროდუქტის ფასებზე ლარის გაუფასურება არ აისახება
ნათია თურნავა - ცხრა დასახელების სასურსათო საქონელზე ფასი არ გაიზრდება, ამ პროდუქტის ფასებზე ლარის გაუფასურება არ აისახება

კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, რომელმაც პირველ რიგში ეკონომიკას დაარტყა. ჩვენ ირგვლივ, სამეზობლოში, ასევე სხვა ქვეყნებში, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება. არასწორი და უპასუხისმგებლო იქნება მტკიცება, რომ ჩვენ შევძლებთ, მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ. ვერ შევძლებდით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, საერთო დინამიკას საქართველოს ეროვნული ვალუტაც აჰყვა.

„ლარიც აჰყვა ამ საერთო დინამიკას და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების გაუფასურება იმის გამო, რომ ვაჭრობა, ტურიზმი შეწყდა, ეს აისახა ლარის კურსზეც. რაც შეგვიძლია და ვაკეთებთ კიდეც, ეს არის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შემცირება. იცით, რომ უპირველესად, ჩვენ ცხრა დასახელების სასურსათო საქონელი შევარჩიეთ, რომლის ფასების ზრდა გადავაზღვიეთ, არ ხდება და ამას ვამონიტორინგებთ. ამ შემთხვევაში, ამ პროდუქტის ფასებზე ლარის გაუფასურება არ აისახება. ბუნებრივია, არ შეგვიძლია, ამ პროდუქტების დასახელება 100-მდე გავზარდოთ. ეს სერიოზულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობამ სწორი პრიორტეტი შეარჩია.

„ჩვენ სწორი პრიორიტეტები შევარჩიეთ. ეს ცხრა პირველადი მოხმარების სასურსათო საქონელია, რომელიც სასურსათო კალათაში ძალიან მნიშვნელოვანია და მათზე ფასები არ გაიზრდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით,  ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ, მათ შორის – სოლიდური ინტერვენციებით დოლარში.

„ბუნებრივია, ამ ეტაპზე რთულია უკან წამოვიყვანოთ ეს დინამიკა და დავუბრუნოთ ერთი თვის წინანდელ ნიშნულს. გახსოვთ, რამდენად ჯანსაღად იქცეოდა ლარი მაშინ. ეროვნული ბანკის შემაკავებელი სტრატეგია ამ შემთხვევაშიც ეფექტს მოახდენს და ზრდის ტემპი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ამის გარეშე იქნებოდა. მომავალშიც ვიზრუნებთ, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე იყოს შერბილებული“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრი იმპორტიორებს მოუწოდებს, ნუ იჩქარებენ განცხადებების გაკეთებას, რათა არ შექმნან უფრო მეტად ნეგატიური მოლოდინი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, არ შევქმნათ იმაზე მეტი მოლოდინი, რაც უკვე შექმნილია ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი არ მუშაობს და ექსპორტი არის გართულებული. ამის ზევით არის წმინდა წყლის ნეგატიური მოლოდინის ესკალაცია და ამაში თავის შენატანს ნუ გააკეთებენ, რადგან ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ და თუ დავინახავთ, რომ რისკი ექნება პირველადი მოხმარების საქონელს, რეაგირებას მოვახდენთ. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველა მეტნაკლებად მშვიდად იყოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.