ნათია თურნავა - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ღირსეული შრომის პირობების შესახებ მოთხოვნა დაცული იყოს
ნათია თურნავა - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ღირსეული შრომის პირობების შესახებ მოთხოვნა დაცული იყოს

ჩვენთვის პრინციპულია, ადამიანების მოთხოვნა, რომ ჰქონდეთ ღირსეული შრომის პირობები, იყოს დაცული და შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სახელმწიფო ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში ჩართულია.

„სახელმწიფო თავიდანვე ჩართულია პროცესებში. შრომის უსაფრთხოება არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ყველანი ვიზიარებთ ჭიათურელების მოთხოვნას. ვიქნებით შეუპოვრები და პრინციპულები.

რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ხელფასებს, ამასაც ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, კომპანიას საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება აქვს და მიმდინარეობს მოლაპარაკება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარის მონდომებით, მოკლე ვადებში მიღწეული იქნება კონსენსუსი, რომ ჭიათურმანგანუმი, რომელიც 3000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მუშაობის ნორმალურ პირობებს. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ჭიათურაში მეშვიდე დღეა, ხელფასების მომატებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები შიმშილობენ.