ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ
ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მინდა, მოვუწოდო არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპონდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის, „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებაზე, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის.

„დღეს ამერიკულმა „ფრონტერამ“ გააკეთა განცხადება, რომ ის ბატონები, რომლებიც საუბრობენ „ფრონტერას“ სახელით, საერთოდ არ წარმოადგენენ ამ კომპანიას. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდად გადაამოწმოს ინფორმაცია და მოერიდოს სპეკულაციებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც გვქონდა საარბიტრაჟო დავა ამერიკულ „ფრონტერასთან“, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ „ფრონტერამ“ გაითვალისწინოს დასაქმებული ადამიანების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ურთიერთშეთანხმებას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.