ნათია თურნავა - ჩვენი, როგორც ხელისუფლების მთავარი ინტერესია, ხელფასები გაიცეს და დასაქმება რადიკალურად არ შემცირდეს
ნათია თურნავა - ჩვენი, როგორც ხელისუფლების მთავარი ინტერესია, ხელფასები გაიცეს და დასაქმება რადიკალურად არ შემცირდეს

არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი, ამიტომ ბიზნეს სექტორს სჭირდება გვერდში დგომა სხვადასხვა მექანიზმით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი არის ძალიან ქმედით პროგრამა, რომელსაც დღეს ვთავაზობთ ბიზნესებს. ძალიან ბევრ ბიზნეს გაუჭირდა. მთელი რიგი დარგებია ისეთი, სადაც უფრო ხანგრძლივ პრობლემასთან გვაქვს საქმე, იგივე ტურიზმის ინდუსტრიაზეა საუბარი, რადგან არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი, ამიტომ მათ სჭირდებათ გვერდში დგომა სპეციალური მექანიზმებით. პრობლემა, რაც შეექმნა ბევრ ბიზნესს და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს, ეს არის შემცირებული, ან განულებული მთელ რიგ შემთხვევაში შემოსავლები და ამ დროს მათ აწვებათ ვალდებულებები ბანკების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რესტრუქტურიზაცია მოხდა, ეს პრობლემებია კომუნიალური გადასახადები და ეს არის ხელფასები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ინტერესი არის, რომ ბიზნესმა დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლოს.

„ჩვენი მთავარი ინტერესი და საზრუნავი, როგორც ხელისუფლების არის, რომ ხელფასები გაიცეს, დასაქმება რადიკალურად არ შემცირდეს და ბიზნესებმა შეინარჩუნონ თავისი გუნდი. მათ ვეხმარებით იმისთვის, რომ ბანკებმა გადაუვადონ მოქმედი სესხები და ასევე, მისცენ ახალი სესხი, რათა თუნდაც საბრუნავი საშუალებები შეავსონ, გადაიხადონ ვალდებულებები და მოემზადონ იმ მომენტისთვის, როდესაც კვლავ ამოიქოქებიან. ეს უპრეცედენტო დახმარებაა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საუბარი არის ახალი სესხის მოზიდვაზე, 90%-ით ანუ თითქმის სრულად ჩვენ ვაგარანტირებთ და ჩვენი უზრუნველყოფით ვუდგებით ბიზნესს გვერდში და მხოლოდ 10%-ის უზრუნველყოფა დასჭირდება ბანკში ბიზნესს, ხოლო თუკი საუბარი არის ადრე გაცემულ სესხებზე, რომელიც დღესაც აწვება ბიზნესებს და გვინდა ამათი გადავადება, აქ 30%-იან თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ, ეს საერთოდ ახალი ელემენტია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.