ნათია თურნავა - ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ანაკლიის პროექტი შედგეს და უახლოეს წლებში გვქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, პარლამენტში განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად იკვეთება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ზოგადად, შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის აქტუალობა.
„მიმდინარე წელი გახლავთ რეკორდული საკონტეინერო ტვირთების გადამუშავების თვალსაზრისით. იანვარ-ნოემბრის პერიოდში ბათუმის და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 პროცენტით გაიზარდა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არის უპრეცედენტო. აქვე აღსანიშნავია რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების მნიშვნელოვანი ზრდა, 11 თვის მონაცემებით 35 პროცენტს აჭარბებს ეს ზრდა.
ამავდროულად, ეს არის ახალი გამოწვევა ჩვენი საპორტო და ზოგადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის, რადგან დატვირთვა იზრდება. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მომავალ წელს დასრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი.
„ასევე, წელს დავაანონსეთ და პრაქტიკულად დაიწყო ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ახალი ტერმინალების მშენებლობის პროექტი, რომელიც აშშ-ის „ოპიკის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად იკვეთება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ზოგადად შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის აქტუალობა, რაც საკმაოდ დაგვიანდა.
მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს და საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი უახლოეს წლებში“ – განაცხადა ნათია თურნავამ.