ნათია თურნავა - ჩვენი მოლაპარაკება გაზის ყველა მომწოდებელთან, მათ შორის „გაზპრომთანაც“ არის წარმატებული
ნათია თურნავა - ჩვენი მოლაპარაკება გაზის ყველა მომწოდებელთან, მათ შორის „გაზპრომთანაც“ არის წარმატებული

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი – ჩვენი მოლაპარაკება გაზის ყველა მომწოდებელთან, მათ შორის „გაზპრომთანაც“არის წარმატებული, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული ცვლილება, რომელიც კონტრაქტში შედის, დაზუსტება. მისივე თქმით, „გაზპრომთან“ კონტრაქტი არ არის ახალი, ეს წლის ბოლომდე დადებული კონტრაქტია.

„კონტრაქტში მორიგი დაზუსტება შევიდა,რაც ემსახურება უფრო მეტად კონკურეტნული გარემოს შექმნას საქართველოში. თქვენ ისიც შეიძლება დაინახოთ ირიბად, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტულად ფასებზე, დეტალებზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვისაუბროთ, დაინახოთ საქართველოს ბაზარზე, რომ იგივე საბითუმო ფასები ბუნებრივ აირზე ქვევით მოდის. იქნება ეს, დავუშვათ, გაზგასამართ სადგურებზე ფასები, თუ თუნდაც, საწარმოების გაზმომარაგება, როგორიც არის აგარის შაქრის კომბინატი. სწორედ ჩვენს ხელთ არსებული ხელმისაწვდომი გაზის რესურსის გამო გახდა შესაძლებელი, რომ აგარის შაქრის კომბინატი ამ დღეებში ამოქმედდება.

აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად მისაღები, კომფორტული და კონკურენტული პირობები და თითოეული შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას“,- განაცხადა თურნავამ.

​მისივე თქმით, ბაზარზე ფასების კლება კონკურენციის შედეგია.

„ფასები ბაზარზე, თქვენ თუ ატყობთ, იკლებს. ეს არის კონკურენციის შედეგი. ეს არის მათ შორის, „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმების შედეგი. ეს არის, მათ შორის, აზერბაიჯანული გაზის კლების ტენდენციაც. აქ არის ორი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ერთი არის ის, რომ მსოფლიოში გაზის ფასი იკლებს და ეს ბუნებრივია და ამას მოჰყვება უკვე ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებები.  მეორე, ეს არის კონკურენცია. ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან, პრაქტიკულად არ მოიპოვება, ნავთობი და ბუნებრივი აირი, ჩვენ კონკურენტული ვითარების წყალობით ვაღწევთ ფასების შემცირებას“,- განაცხადა თურნავამ.