ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესს აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმით მალე ამოქმედებაში
ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესს აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმით მალე ამოქმედებაში

იმ განაცხადებს შორის, სადაც დაფიქსირებულია საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს, მათ შორის ძალიან აქტიურია სამშენებლო და საშენ მასალათა სექტორი, რადგან ბოლო დრომდე მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობდა საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი, ოღონდ ყველა წესის დაცვით, მალე გაგრძელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიზნესის მიერ ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე შევსებული აპლიკაციების სტატისტიკას და მიმართულებებს ეხებოდა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, უკვე შევსებულია რამდენიმე ასეული აპლიკაცია, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო და პროცესში ჩართული სხვა უწყებები განუწყვეტელ რეჟიმში ამუშავებენ ამ აპლიკაციებს, რომლებიც საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.

„რადგან აპლიკაციებში ჩვენს მიერ გარკვეული ინფორმაციაა მოთხოვნილი ამა თუ იმ ბიზნესის შესახებ, ინფორმაციას ჯერ ჩვენს უწყებებში ვაანალიზებთ, პარალელურად ვსვამთ შესამოწმებელ ბიზნესთა შორის და, როგორც მოგახსენეთ, ამ შემოწმებებისთვის ყველა მაკონტროლებელი და შემოწმებისთვის საჭირო ჩვენი ყველა რესურსი მობილიზებულია და ყველა ერთად, სხვადასხვა ინსპექციის მეშვეობით, დღეში, სულ მცირე, 50 ბიზნესის გადამოწმებას ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ ახალი კულტურის დანერგვა და დახმარება, რომ ბიზნესები მალე ამოქმედდნენ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმით“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.