ნათია თურნავა - ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ
ნათია თურნავა - ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ

ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და  სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

„ყველამ ვიცით, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა გამოძიება. პროკურატურამ იმოქმედა თავისი კანონიერი მანდატის ფარგლებში. თქვა თავისი სიტყვა, ახლა საქმე გადაეცემა სასამართლოს და ყველა მოთმინებით უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ვიტყვი, რომ ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, რიგითი მოქალაქე. აქედან გამომდინარე, მოთმინებით დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.