ნათია თურნავა - ჩვენი პოლიტიკა გახსნილობასა და უცხოური ინვესტიციებისთვის უპირატესობის მინიჭებას ეფუძნება
ნათია თურნავა - ჩვენი პოლიტიკა გახსნილობასა და უცხოური ინვესტიციებისთვის უპირატესობის მინიჭებას ეფუძნება

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თემატურ პანელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნესკლიმატზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნული მიმართულებებით მთავრობის ხედვა წარადგინა.

„საქართველო არ გახლავთ რესურსებით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ მცირე ბაზარს წარმოვადგენთ და იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი გავხდეთ, ჩვენი ბიზნესმოდელის, ბიზნესკლიმატის ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება გახსნილობას და უპირატესობის მინიჭებას უცხოური ინვესტიციებისთვის. იმ თვალსაზრისით, რომ ასევე ვიყოთ ლიბერალური და მიმზიდველი, მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა. ჩვენ კარგ მაჩვენებლებს ვფლობთ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელ რეგიონში და საქართველოს ეკონომიკა ამტკიცებს თავის მდგრადობას სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური შოკების თვალსაზრისით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მაჩვენებლებით, შემდეგი ხუთი წლის პერსპექტივით, ჩვენ საშუალოდ 5 პროცენტით ვიზრდებით, რაც ძალიან შთამბეჭდავია და კარგი ინდიკატორია, ასევე კარგი გზავნილია ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო ღირებული ადგილია, სადაც ინვესტირებაა შესაძლებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არ წარმოადგენს მთავრობის ერთადერთ აქცენტს და მთავარი აღნიშნული ზრდის ტემპის ინკლუზიურობაა.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა არ გახლავთ ჩვენი პოლიტიკის მხოლოდ ფოკუსირებული და ერთადერთი აქცენტი. როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, არა მხოლოდ ზრდის ტემპი, არამედ ხარისხიც უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა შექმნას დამატებითი დასაქმების საშუალებები, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი იყოს სტრუქტურული რეფორმებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, თემატურ პანელზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისი ბაზრის პოტენციალის ათვისებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, გავაჟღერო თავისუფალი ვაჭრობის დღის წესრიგი, რადგან ეკონომიკური ზრდა ჩვენთან ძირითადად ექსპორტითა და ინვესტიციებით არის წახალისებული, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების ეტაპობრივი შესრულებით. ჩვენი კანონმდებლობის დაახლოება ევროპის სტანდარტთან, გახლავთ ძირითადი საფუძველი ჩვენი მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისთვის, ჩვენი ბაზრის დივერსიფიკაციისთვის და ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენებისთვის, რასაც ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულება გვაძლევს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.