ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა
ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად განახორციელა როგორც ანტიპანდემიური, ასევე სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც მთავრობას მისცა საშუალება, ერთი მხრივ, ემართა ეპიდემია და მეორე მხრივ, დახმარებოდნენ მოსახლეობას.

„ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონული ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით – 5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ, რომელიც გამოეხმაურა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას.

ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

„სწორედ ფონდთან პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობა იყო საწინდარი იმისა, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით საერთაშორისო დახმარების მობილიზება მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას. რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, სავალუტო ფონდი მოელის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, კერძო სექტორის გაძლიერებას და ამის შედეგად გვექნება ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, სავალუტო ფონდმა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრა.

„ეს გამოწვეულია გარე ფაქტორებით. პირველ რიგში, ესაა რეგიონული კონფლიქტები და პანდემიის ეფექტი. თუმცა ფონდის შეფასებაში ისიც არის ნათქვამი, რომ რეგიონული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და იმ დადებითი ინფორმაციის გავრცელების კვალობაზე, რაც შეეხება ვაქცინის ხელმისაწვდომობას, ეს პროგნოზიც შეიძლება შემდგომში გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას კომენტარი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, სავალუტო ფონდის შეფასების თანახმად, გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას მისცა შესაძლებლობა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა.

„მისიამ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის. „ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას“, – აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.