ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკა სწრაფად გადალახავს პრობლემებს და დავუბრუნდებით ჩვეულებრივი განვითარების ტემპს
ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკა სწრაფად გადალახავს პრობლემებს და დავუბრუნდებით ჩვეულებრივი განვითარების ტემპს

ეკონომიკური გუნდი, მთავრობა ძალიან დროულად რეაგირებს, სადაც ვხედავთ, რომ ბიზნესს უჭირს, ყველგან პრევენციულ ნაბიჯებს ვატარებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში პანიკისა და ნეგატიური მოლოდინების შედეგია ხოლმე ლარის კურსის გარკვეული ცვალებადობა და ასევე, ბევრი სხვა ნეგატიური პროცესი, რომელიც შეიძლება, განვითარდეს.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, დაწყებული იმითი, რომ თუნდაც სამომხმარებლო აჟიოტაჟი არის უსაფუძვლო, ჩვენს სავაჭრო ქსელებში მარაგები არის აბსოლუტურად საკმარისი, საჭიროზე საკმარისი და ფასებიც ჯერჯერობით სტაბილურია. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც პოზიტიური მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს, რადგან სრულად ვმართავთ სიტუაციას და სავაჭრო ქსელებში არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება. ასევე, რასაკვირველია, რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, იმ ფაქტმა, რომ პრაქტიკულად შეწყდა ტურიზმი არამარტო საქართველოში, არამედ გლობალურად და ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა თავისი ბაზარი, რამაც გაართულა ექსპორტი, გარკვეული ნეგატიური მოლოდინები გააჩინა ამ კუთხითაც, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური გუნდი, მთავრობა ძალიან დროულად რეაგირებს, სადაც ვხედავთ, რომ ბიზნესს უჭირს, ყველგან პრევენციულ ნაბიჯებს ვატარებთ. გუშინაც გამოვაცხადეთ მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერის ზომები, ერთი მილიარდი ლარის რესურსი გავაჩინეთ ბიზნესში, რათა ბიზნესმა ჩვენთან ერთად ღირსეულად გადაიტანოს ეს დროებითი გამოწვევა. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან ჯანსაღი დახვდა ამ გამოწვევას, იცით, რომ წინა წელი იყო საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის წელი და იანვარშიც კი, როდესაც კორონავირუსი მძვინვარებდა რიგ ქვეყნებში, ჩვენ მხოლოდ პოზიტიური დინამიკა გვქონდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად გადალახავს პრობლემებს, შეძლებისდაგვარად შერბილებული იქნება ნეგატიური ზემოქმედება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივი განვითარების ტემპსა და რიტმს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.