ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსი და გავაძლიეროთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა
ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსი და გავაძლიეროთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ენერგეტიკულ სექტორში ევროპული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რასაც ევროპულ ენერგოგაერთიანებაში ყოველთვის აღნიშნავენ.

ნათია თურნავას განმარტებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს.

„ენერგეტიკაში ჩვენი მთავარი ამოცანა არის განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსი, გავაძლიეროთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. ამ თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში. ბოლო რვა წლის განმავლობაში საექსპლუატაციოდ გადაეცა 40-მდე ახალი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური. ჯამში, დადგმული სიმძლავრე არის 650 მეგავატი. აშენდა ან მშენებლობის პროცესში გადავიდა ისეთი სტრატეგიული ჰიდროსადგურები, რომლებზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი. მათ შორის აშენდა და ამოქმედდა შუახევიჰესი, მშენებლობის პროცესში გადავიდა ნამახვანჰესი, ნენსკრაჰესი. გარდა ამისა, საექსპლუატაციოდ გადაეცა ორი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოსადგური გარდაბანში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ევროპული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით ენერგეტიკულ სექტორში და ამას ყოველთვის აღნიშნავს ევროპული ენერგოგაერთიანება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ განვითარებულ გენერაციას ასეთივე განვითარებული გადამცემი ქსელები და ქსელური ინფრასტრუქტურა სჭირდება.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სწორედ ამ მიმართულებით ყოველთვის  მხარში გვიდგას. 90 მლნ ევროზე მეტი გამოიყო ახლა იმისთვის, რომ აშენდეს საქართველოში 150 კილომეტრზე მეტი ახალი გადამცემი ქსელები, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში, გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით,  90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.