ნათია თურნავა - ჩვენ არ ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ცხადია, პრობლემები, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება
ნათია თურნავა - ჩვენ არ ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ცხადია, პრობლემები, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება

ჩვენ არ ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ცხადია, ყველა პრობლემა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და გლობალურ ეკონომიკას ურტყამს. საქართველო გლობალური, მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ არ ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ცხადია, ყველა პრობლემა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთი ტენდენციაა, რომელიც ამ ახალმა, ჩვენთვის აქამდე უცნობმა გამოწვევამ მოიტანა. თქვენ გახსოვთ, რომ იქამდე, ვიდრე ეს გამოწვევა გაჩნდებოდა, ლარი საკმაოდ სტაბილური იყო“, – განაცხადა თურნავამ.

ამ განცხადებით ნათია თურნავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და სავალუტო ბაზარზე ასეთი რყევები.

მისი თქმით, პანიკური განწყობა მოქმედებს არა მხოლოდ ლარის კურსზე, არამედ საქონლის მოხმარებაზე და ა.შ.

„ამ შემთხვევაში ადამიანები იქცევიან განსხვავებულად, ვიდრე ნორმალურ ვითარებაში. მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ლარის იმაზე მეტად გაუფასურება ხდება, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რა თქმა უნდა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც.

„ტურიზმი პრაქტიკულად, შეწყდა და ეს არის მსოფლიოს შეგნებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს. ჩვენთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების სერიოზული წყარო იყო და ეს არის ობიექტური მიზეზი. ექსპორტი გრძელდება, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი მასშტაბიც შემცირებულია და აქედან გამომდინარე, ეს წყაროც ნაკლებად მოქმედებს. თუმცა, ეროვნული ვალუტის ამხელა გაუფასურება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით ვერ აიხსნება“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური მიზეზები ადრე თუ გვიან განეიტრალდება, რადგან კონტრძალებიც მოქმედებს.

„შეიძლება, ქვეყანაში ვალუტა იმ დოზით არ შემოდის, მაგრამ იმ დოზით არც გაედინება და ამის ზევით რაც ხდება, ეს მაინც უფრო პანიკაა, ნეგატიური განწყობები და ეს დინამიკა შერბილდება“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გლობალური კრიზისის შეჩერება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია, ადამიანებზე ლარის გაუფასურების ზეგავლენა შეარბილოს და ამას აკეთებს.

„ჩვენ დავაზღვიეთ სასურსათო კალათა, ცხრა საქონელი, რათა ფასები არ გაიზარდოს და ლარის გაუფასურებამ ჩვენს სასაქონლო კალათას არ დაარტყას. ბანკებთან შეთანხმებით მოხდა საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია და ადამიანებს რაღაც პერიოდი გადასახდელი არ ექნებათ სესხის პროცენტი, რომელიც ნორმალურ ვითარებაში ექნებოდათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს შემოსავლები შეუნარჩუნდეთ. თუ ასი პროცენტით არა, არსებითად მაინც, ხოლო ყოველდღიური ხარჯები გადაუვადდეთ, ან არ გაეზარდოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.