ნათია თურნავა - აქამდეც არ ვიყავით მოწყვეტილი დანარჩენ მსოფლიოს, ახლა უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, რადგან გაცილებით მეტი ვიცით პრევენციულ ზომებზე
ნათია თურნავა - აქამდეც არ ვიყავით მოწყვეტილი დანარჩენ მსოფლიოს, ახლა უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, რადგან გაცილებით მეტი ვიცით პრევენციულ ზომებზე

ჩვენ აქამდეც არ ვიყავით მოწყვეტილი არც ევროპას და არც დანარჩენ მსოფლოს. ვახერხებდით, ჩარტერული რეისებით ეს კომუნიკაცია გაგვეხორციელებინა. ახლა უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, რადგან გაცილებით მეტი ვიცით, როგორ გავატაროთ პრევენციული ზომები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვა გაახანგრძლივა, თუმცა ჩარტერული რეისები შენარჩუნებულია.

„რას ნიშნავდა რეგულარული ფრენების დაშვება. შარშან, ამ დროს გვქონდა კვირაში 600 რეგულარული ფრენა, 80-ზე მეტი მიმართულებით. ახლა ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენები, თუნდაც იმ ვარაუდით, რომ მთლიანად არა და 1/3 ფრენა მაინც რომ გვქონოდა რეგულარული, წარმოიდგინეთ, კვირაში 200 ფრენა. ეს იქნება ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით. ამის სანაცვლოდ, ჩვენ, როგორც აქამდე არ ვიყავით მოწყვეტილი არც ევროპას და არც დანარჩენ მსოფლიოს და ვახერხებდით ჩარტერული რეისებით ეს კომუნიკაცია გაგვეხორციელებინა, ახლა უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, რადგან გაცილებით მეტი ვიცით, როგორ გავატაროთ პრევენციული ზომები. მაგალითად, გეტყვით, დღეიდან, 6 ივლისის ჩათვლით, ყოველდღე გვაქვს საერთაშორისო ჩარტერული ფრენა. როგორც კი ევროკავშირის სიასაც დავინახავთ და შიგნით აღმოვჩნდებით, შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას – ეს ჩარტერული იქნება თუ სხვა მიდგომა, როგორ გავაფართოვოთ. არც ერთ ვარიანტში არ იქნება ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები უყურადღებოდ დარჩენილი, არც აქამდე ყოფილან. კომუნიკაცია იქნება, მაგრამ პრიორიტეტად დარჩება კვლავაც ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. სწორედ ამიტომ, გვაქვს დიდი იმედი, რომ აღმოვჩნდებით ევროკავშირის სიაში, რადგან ჩვენ ვიცავთ მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათ შორის, სწორედ საზღვრების ეფექტური კონტროლისა და მონიტორინგის გზით. ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.