ნათია თურნავა - ჩინეთთან და ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერებამ ერთ თვეში დაახლოებით 30 მილიონი ლარის ზარალი გამოიწვია, თუმცა უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა
ნათია თურნავა - ჩინეთთან და ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერებამ ერთ თვეში დაახლოებით 30 მილიონი ლარის ზარალი გამოიწვია, თუმცა უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა

იმედი მაქვს, უფრო მალე გადაილახება კორონავირუსის პრობლემა, ვიდრე ჩვენ გავაგრძელებთ რეისების შეჩერებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა და რა თქმა უნდა, ამას ყველანი ძალიან სერიოზულად ვეგებებით. მინდა, პირველ რიგში გითხრათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მომზადებული ხვდება ამ გამოწვევას. თქვენ ხედავთ, რომ ყველა აუცილებელი ზომა არის მიღებული, იქნება ეს ტემპერატურული კონტროლი აეროპორტებში, თუ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება კარანტინებისთვის და ა.შ. არის საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მინისტრი და იქ ჩვენი წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებიან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უპირატესი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ამის გამო ჩვენ დაუყოვნებლივ, მყისიერად ვართ მზად, რომ მივიღოთ თუნდაც ისეთი არაპოპულარული ზომები, რაც გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, როგორიც არის პირდაპირი მიმოსვლის დროებითი შეჩერება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საფრთხე და მის საპასუხოდ მიღებული ზომები დროებითია და აღნიშნული გამოწვევა მალე გადაილახება.

„​​კაცობრიობა არის კონსოლიდირებული და ებრძვის კორონავირუსს. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას და საფუძველს, რომ გითხრათ, არ გაგრძელდება ეს შეზღუდვები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერსად გავექცევით იმას, რომ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა, იგივე ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ გამოიწვია, დაახლოებით 30 მლნ ლარზეა საუბარი, რაც ჩვენ დავთვალეთ თვეში. მაგრამ ისევ ვამბობ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, ეს გამოწვევა ძალიან მალე იქნება გადალახული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, იტალიასთან ფრენების შეჩერება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მსგავსი რეკომენდაცია არ წამოსულა.

„ჯერ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ვართ დამოკიდებულები და ყურადღებით ვუსმენთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, რადგან ისინი არიან ამ პროცესის ავანგარდში. ჯერჯერობით მსგავსი მითითება და მოთხოვნა მათი მხრიდან არ წამოსულა. იმედი მაქვს, უფრო მალე გადაილახება ეს პრობლემა, ვიდრე ჩვენ გავაგრძელებთ რეისების შეჩერებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.