ნათია თურნავა - ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ხალხის ფული დაგაფინანსებს
ნათია თურნავა - ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ხალხის ფული დაგაფინანსებს

ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ხალხის ფული დაგაფინანსებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის იმ შეფასების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პარტიების დაფინანსების კანონპროექტს ეხებოდა.

თურნავა ასევე გამოეხმაურა კელი დეგნანის განცხადებას, რომ ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება.

„ამომრჩეველმა ხმა მისცა ცხრა პარტიას და სწორია, რომ ოპოზიციური პარტიები თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ცივილიზებულად მართავდნენ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით. ამერიკის ელჩს ამ შეფასებაში აბსოლუტურად ვეთანხმებით და ეს მართლაც ასეა. როდესაც ამომრჩეველი ხმას და მანდატს გაძლევს, რომ პარლამენტში მათი ინტერესები წარმოადგინო, ქუჩის გზა ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობაა. ამას სხვა შეფასება არც შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, პირველ რიგში, ძალიან მარტივი ლოგიკაა. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს. კანონპროექტი აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივად, მაგრამ დავინახეთ რა სხვადასხვა სპეკულაციის საფრთხე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბოლოო დამტკიცებამდე გადავუგზავნოთ ჩვენს პარტნიორებს, ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას, რომ მათაც თავიანთი მოსაზრება გამოთქვან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

არჩევნებზე გამოლენილ დარღვევებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დარღვევები არ ყოფილა არსებითი ხასიათის და გავლენას ვერ მოახდენდა საბოლოო შედეგებზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები – ყველა ერთ აზრზე იყვნენ და არიან, რომ ეს არჩევნები არსებითად დემოკრატიულად ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად, ადამიანებს თავისუფალი შესაძლებლობა მიეცათ, რომ ხმა იმ კანდიდატისთვის და პარტიისთვის მიეცათ, ვინც მათ სურდათ. არანაირი ზეწოლა არ იყო. შეიძლება, გარკვეული ხარვეზები ყოველთვის იყოს და თან სდევდეს საარჩევნო პროცესს, მაგრამ ეს არაა არსებითი ხასიათის ხარვეზები და რა თქმა უნდა, ვერ მოახდენდა გავლენას საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე. ეს კიდეც დადასტურდა სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა შეფასებებში“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არცერთ საკანონმდებლო ინიციატივას არ ეთანხმება, რომელის ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს.