ნათია თურნავა - ჩემი დავალებაა, ჩავიდე ტყიბულში, გავიარო ყველა დეტალი, რატომ წარმოიქმნა პრობლემა ხელფასებთან დაკავშირებით
ნათია თურნავა - ჩემი დავალებაა, ჩავიდე ტყიბულში, გავიარო ყველა დეტალი, რატომ წარმოიქმნა პრობლემა ხელფასებთან დაკავშირებით

ჩემი დავალებაა, ჩავიდე ტყიბულში, გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, რატომ წარმოიქმნა პრობლემა ხელფასებთან დაკავშირებით და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ტყიბულის მეშახტეების პრობლემების მოგვარება აქტუალური საკითხია.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება და დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე, არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით და მე პირადად იმის გამო, რომ წლებია, ამ სისტემაში ვმუშაობდი, რა პრობლემები აწუხებს დღეს ჩვენს მეშახტეებს, ძალიან რთული და ამავდროულად, ძალიან საჭირო პროფესიის წარმომადგენლებს. ჩემი დავალება არის, რომ ჩავიდე ადგილზე, კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, რატომ წარმოიქმნა პრობლემა კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ვიცი, რომ მათ აქვთ გარკვეული გეგმა და კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტყიბულში მეშახტეების პროტესტს დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, რაც ტყიბულში ხდება. მისი თქმით, ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც გულისხმობს შრომითი უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას.

ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტმბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.