ნათია თურნავა - ჩარტერული რეისები ისეთი რეგულარულობით გვექნება, რომ კომფორტული იქნება, როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის
ნათია თურნავა - ჩარტერული რეისები ისეთი რეგულარულობით გვექნება, რომ კომფორტული იქნება, როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის

ჩარტერული რეისები ისეთი დოზით და რეგულარულობით გვექნება, რომ ეს ძალიან კომფორტული იქნება, როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ევროკავშირის სიაში ყოფნა არის საქართველოს მთავრობის მუშაობის შედეგი, სწორედ ამიტომ არის მოლოდინი, რომ საქართველო იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც გაიხსნება საზღვრები.

„ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ეს სია გადაიხედება, შეიძლება ქვეყანა დაემატოს, შეიძლება მოაკლდეს. შესაბამისად, ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუ კვლავინდებურად, ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობასა და ვიზიტორებს. აქედან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ ახლავე, უახლოეს პერიოდში, სტიქიურად, როდესც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები. უკვე მოგახსენეთ, რომ 600 ფრენა გვქონდა კვირაში შარშან, რაც ძალიან კარგი იყო და ტურიზმი ვითარდებოდა. ჩარტერული რეისები ისეთი დოზით და რეგულარულობით გვექნება, რომ ეს ძალიან კომფორტული იქნება, როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.