ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

ნათია თურნავასა  და მარკ კლეიტონის შეხვედრის მთავარი თემა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა იყო.

ბრიტანეთის ელჩმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფას და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

„ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.