ნათია თურნავა - ბოლო რამდენიმე თვეა, ინფლაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ზომიერი ნაბიჯებით გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება
ნათია თურნავა - ბოლო რამდენიმე თვეა, ინფლაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ზომიერი ნაბიჯებით გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება

ბოლო რამდენიმე თვეა, ინფლაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ფრთხილად, ზომიერი ნაბიჯებით გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემსუბუქება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ინფლაციის შემცირებისკენ მიმართული პოლიტიკა სწორი და ეფექტური იყო.

„ბოლო თვეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ინფლაციის მოთოკვისკენ მიმართული პოლიტიკა სწორი და ეფექტური იყო. ამ პოლიტიკაში ვგულისხმობ როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე მთავრობის ანტიინფლაციურ პოლიტიკას, მათ შორის საბიუჯეტო კონსოლიდაციას და კონკურენციის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. ბოლო რამდენიმე თვე საკმაოდ დაბალი ინფლაციის მაჩვენებლები გვაქვს. ბევრად დაბალი, ვიდრე ჩვენი მიზნობრივი, სამპროცენტიანი ინფლაციაა. ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, ფრთხილად, ზომიერი ბიჯებით გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება. კერძოდ, მონეტარული განაკვეთის შემსუბუქება. ყველაფერთან ერთად, ეს ნაბიჯი იძლევა ქვეყანაში ფინანსური პირობების შემსუბუქების შესაძლებლობას, ასევე შესაძლებლობას, რომ ადამიანებს, რომლებსაც სესხი აქვთ აღებული და ლარის რესურსი სჭირდებათ, პირობები გავუუმჯობესოთ, ლარის სესხის პროცენტი შევამციროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.