ნათია თურნავა - ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საკმაოდ მკვეთრი განცხადებები და შეფასებები გაეკეთებინა
ნათია თურნავა - ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საკმაოდ მკვეთრი განცხადებები და შეფასებები გაეკეთებინა

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საკმაოდ მკვეთრი განცხადებები და შეფასებები გაეკეთებინა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება ღალატის ტოლფასად შეაფასა. ამასთან, მინისტრის თქმით, განცხადებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

„საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებსაც მოეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, დისტანცირებულია პოლიტიკიდან. არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და როგორც ჩანს, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა, საკმაოდ მკვეთრი განცხადებითა და შეფასებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია იყენებს მის სახელს. თითქოს მოსახლეობას ასე აწვდის ინფორმაციას, რომ ის არის ე.წ. ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამიტომაც, მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. მათ შორის ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება და გადადგომის საქციელი შეაფასა ღალატის ტოლფასად. ვფიქრობ, ყველა კითხვაზე ამ თვალსაზრისით პასუხი გაცემულია.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რა მომენტში მოხდა გადადგომა. გადადგომა მოხდა საკმაოდ დინამიურ და რთულ მომენტში, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური კრიზისი. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად სახელისუფლებო გუნდს და რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრს. ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.