ნათია თურნავა - ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის შესაძლებლობას მოკლებული ვართ
ნათია თურნავა - ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის შესაძლებლობას მოკლებული ვართ

ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით; ეს ორმა გარემოებამ განაპირობა – წინასაახალწლო დღეებში ჩვენ დავაკვირდით და მათ საკმაოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სავაჭრო ქსელებმა ორ მილიონამდე ადამიანი გაატარეს, ამის გამო ჩვენ ეპიდაფეთქება არ გვქონია. მეორე გარემოება ის არის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესი რიგში პირველია“, – აცხადებს თურნავა.

ნათია თურნავამ არასასურსათო ვაჭრობისა და სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა.

„ჩვენ ვისაუბრეთ, რა რეჟიმში გაიხსნებიან. ჩვენი მხრიდანაც იქნება კიდევ დამატებით დახმარება. თუმცა, ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ ყველა ერთად დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს“, – აღნიშნა მინისტრმა.

თურნავა აცხადებს, რომ ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ისევ არ გახდეს საჭირო რომელიმე სფეროს დაკეტვა.

„ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ – ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა – მაღაზიის, მოლის, ბაზრობის და სხვა. ყველას სურს, რომ მაღაზიების საქმიანობა იმავე რეჟიმში აღდგეს, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს, ელემენტარული მიზეზის გამო, შეუძლებელია, რადგან პანდემია ჯერ არ დამარცხებულა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.