ნათია თურნავა - ბიზნესს საშუალება უნდა მივცეთ, დასაქმებულებთან საუბარი თავად ისწავლონ და ჭიათურის მსგავსი ექსცესები არ დაუშვან
ნათია თურნავა - ბიზნესს საშუალება უნდა მივცეთ, დასაქმებულებთან საუბარი თავად ისწავლონ და ჭიათურის მსგავსი ექსცესები არ დაუშვან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფო ჭიათურაში, მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებას გააკონტროლებს.

ნათია თურნავამ მაღაროელებსა და კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

თურნავას განცხადებით, როგორც წესი, სახელმწიფო მსგავსი დავების დარეგულირებაში არ უნდა ერთვებოდეს, მაგრამ მთავრობამ  გაითვალისწინა, რომ ჭიათურა და ზესტაფონი ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებლები არიან.

„ჭიათურის საკითხის გადაწყვეტაში უშუალოდ ვიყავი ჩართული, საკმაოდ ეფექტიან მედიაციასთან გვქონდა საქმე, რაც სახელმწიფომ განახორციელა. როგორც მედიატორები ჩავერთეთ გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის მოლაპარაკებებში. ჩავერთეთ იმ ეტაპზე, როცა პოზიციების შეჯერებაში გარკვეული დრო გაატარეს და დავინახეთ, რომ კომუნიკაციის ბოლომდე დამყარება ჭირდა და საჭიროება გაჩნდა, ჭიათურაში ჩავსულიყავით, მედიაციაში უშუალო მონაწილეობა მიგვეღო, რაც კონსენსუსით დასრულდა და ეს მედიაციის წარმატებული  მაგალითია. ეს შესაძლებელი გახდა არა იმიტომ, რომ ჩავერთეთ, არამედ ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში აღნიშნული საკითხი დარეგულირებული უნდა იყოს ორ სუბიექტს შორის – დამსაქმებლებსა და დასაქმებულს შორის. როგორც წესი, ამ პროცესში პროფკავშირები ერთვებიან და ეს არის ცივილიზებული გზა. იყო საკითხები, რაშიც ძალიან მომთხოვნი ვართ, ამ ინვესტორთანაც და სხვის მიმართაც. კერძოდ, რაც შეეხება შრომის ღირსეულ პირობებს, ჯანმრთელობის დაცვას, კვების პირობებს და ა.შ.“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის მოსაზრებით, კონსენსუსი ორივე მხარის პასუხისმგებლიანმა მიდგომამ განაპირობა – კომპანიისა და მაღაროელების.

„ამ პროცესს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, საქმიანად და შედეგზე ორიენტირებულად მოეკიდნენ. შეთანხმება შედგა, რომლის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია შრომის პირობებთან, თუმცა ფინანსურ პაკეტიცაა. ორივე მხარემ უმაღლესი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, დათმეს და შეთანხმდნენ ხელფასების ზომიერ მატებაზე, რაც ერთი მხრივ, მისაღები იყო გაფიცულებისთვის და მეორე მხრივ, დამანგრეველი არ იყო კომპანიისთვის. დანარჩენი პირობების შესრულებას გავაკონტროლებთ, პირველ რიგში, შრომის ინსპექცია  და სხვა სტრუქტურები“, – აღნიშნავს მინისტრი.

კომიტეტზე გამოსვლისას თურნავამ შეთანხმების პირობების შესრულების მიმდინარეობაზე ბოლო ინფორმაციაც წარადგინა.

„უკვე დაწყებულია შეთანხმების ელემენტების შესრულება. კომპანია ეკოლოგიური ფონის გაუმჯობესების თვალსაზრისით ჩაერთო და ეს პრობლემები ახლა არ დაგროვილა. აღნიშნული საწარმო კომპლექსი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან არსებობს, მდინარე ყვირილა დღეს არ დაბინძურებულა, 2012 წლამდე კომპლექსური შემოწმება არ ჩატარებულა. ეკოლოგიასა და შრომის პირობებს ვაკონტროლებთ. უახლოეს პერიოდში კონცენტრატის მიღების სარკინიგზო ტერმინალის მოწყობა იგეგმება, უკვე ტერიტორიის დასუფთავება, წინა სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.  რამდენიმე თვეში მძიმე წონიანი მანქანები ქალაქზე აღარ ივლიან და არ დააბინძურებენ, ეს პრობლემა ცივილიზებულად გადაწყდება“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის ცნობით, ფინანსური პაკეტის განხორციელებაც დაწყებულია.

„სადაზღვევო პაკეტზე დასაქმებულებს სამართლიანი პრეტენზიები ჰქონდათ, ახალი სადაზღვევო პაკეტია შეთავაზებული, შეჯერება მიდის საინიციატივო კომიტეტთან. კვების საკითხები მოწესრიგდა, კონტაქტორი კომპანია შეიცვალა და ხარისხი ძალიან მაღალი იქნება. ივნისში კიდევ ერთი ინსპექტირება იგეგმება, თუნდაც სახანძრო წესების გადამოწმების თვალსაზრისით. ეს პროცესი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნებ, მით უფრო, რომ შეთანხმების პროცესის მონაწილე ვიყავით. მსხვილი დამსაქმებლის მიმართ პრიორიტეტი ყოველთვის შრომის ღირსეულ პირობებსა და დასაქმებულების ინტერესების დაცვას მიენიჭება, თუმცა ჩვენი ჩარევები უნდა იყოს ძალიან დოზირებული და კარგად არგუმენტირებული. კერძო ბიზნესს საშუალება უნდა მივცეთ, საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი თვითონ ისწავლონ და არ დაუშვან, მსგავსი სახის ექსცესები“, – დასძინა ნათია თურნავამ კომიტეტზე გამოსვლისას.

დატოვე კომენტარი