ნათია თურნავა - „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში ერთი ადგილით გვისწრებს აშშ, მაგრამ ჩვენი ქულა გაუმჯობესებულია და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს  
ნათია თურნავა - „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში ერთი ადგილით გვისწრებს აშშ, მაგრამ ჩვენი ქულა გაუმჯობესებულია და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს  

2020 წლის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველომ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს ქულების მიხედვით, გააუმჯობესა შეფასების ზღვართან მიახლოებული ქულა, რომელიც ახლა 83.7 ქულაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ეს საქართველოსთვის ისტორიულად მაღალი ქულაა.

„საქართველო კვლავაც რჩება 2020 წლის განმავლობაში რეგიონულ ლიდერად. ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას შორის საქართველო ამ რეიტინგის მიხედვით არის კვლავაც პირველ ადგილზე. აღნიშნული რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა ინდიკატორისგან, საიდანაც რვა ინდიკატორში გვაქვს სერიოზული გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული რეიტინგის მიხედვით საქართველომ კვლავაც მიაღწია პროგრესს და გააუმჯობესა ქულა“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება იმას, რომ რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზეა, როცა 2019 წლის ანგარიშში მეექვსეზე იყო, მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს აშშ-მ გაასწრო.

„რაც შეეხება ადგილს, საქართველო მეშვიდე ადგილზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა არის გაუმჯობესებული. აქ უნდა ითქვას, რომ აშშ-მ გაგვასწრო ერთი ადგილით. ასე რომ, დღესდღეობით კონკურენციაში ვართ – ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი, აშშ თუ საქართველო. ერთი ადგილით გვისწრებს აშშ, მაგრამ ჩვენი ქულა არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა მედიასთან ის ინდიკატორები ჩამოთავალა, რომელშიც მისი ინფორმაციით, საქართველოს გაუმჯობესება აქვს.

„ეს არის ბიზნესის დაწყების ინდიკატორი, სადაც თითქმის 100 ქულას, ანუ მაქსიმუმს ვაღწევთ; მშენებლობის ნებართვების ინდიკატორი; ელექტროენერგიის ქსელთან მიერთება, სადაც ყველგან გაუმჯობესება გვაქვს; ქონების რეგისტრაცია; მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა; გადასახადების გადახდის პროცესი; ვაჭრობა საზღვრებს მიღმა; გადახდისუუნარობა – ანუ 10-დან რვა ძირითადი ინდიკატორი არის გაუმჯობესებული. დანარჩენ ორში არ გვაქვს ცვლილება. ეს არის ძირითადად ის შეფასებები, რამაც განაპირობა ჩვენი ჯამური ქულის ზრდა. ისევ ვრჩებით ლიდერებს შორის. აშშ-მ ამ ეტაპზე ოდნავ მეტი გააკეთა, ვიდრე საქართველომ“, – განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.