ნათია თურნავა - ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი
ნათია თურნავა - ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი

არსებული გამოწვევების ფონზე, კარგად გვესმის ბიზნესის წუხილი, მზად ვართ და აღვუთქვით გვერდით დგომა, რათა მაქსიმალურად შევარბილოთ კრიზისით გამოწვეული პოტენციური, ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ტუროპერატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, საქართველოს ბაზარზე რუსი ტურისტი შენარჩუნდეს.

„ამასთან, ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ტურისტულ ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის თხოვნა სრულად გასაგებია, რომ აღნიშნული სეგმენტი არ დაიკარგოს, რადგან მათთვის ეს მიმზიდველი და მომგებიანია.

„საქართველოს ტურისტული ბაზარი არის ფართო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს – ტურისტი ირჩევს საქართველოს. ეს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარია და არც ერთი მიმართულება არ არის დომინანტი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს 25 პროცენტს ქართულ ბაზარზე.

„ამიტომ გვესმის ბიზნესის თხოვნა, რომ არც ეს სეგმენტი დავკარგოთ, რადგან ის მათთვის მიმზიდველი და მომგებიანია. ჩვენს ვუსმენთ ბიზნესს და ვალდებულები ვართ, სხვა გეგმებთან ერთად ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილა.

შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.